მარია ზახაროვა

ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უკან აშშ დგას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა
RT

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

ზახაროვა ნაწილობრივ რუსული კანონის შესახებ ქართული ოცნების ნარატივს იმეორებს.

"თვალს ვადევნებთ აშშ-ს მიერ სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში უცერემონიო ჩარევის ფაქტს. ახლა ვაშინგტონში არ მოეწონათ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის" კანონი. შემდეგი რა არის? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება აშშ-ს? ეს საერთო ჯამში "საცდელი" ნაბიჯია. თუ დღეს საქართველო და მისი ხალხი დაემორჩილება "შანტაჟს", მათ ნებისმიერი რამის გაკეთებას აიძულებენ მომავალში. და ეს არის ფაქტი. ასე ხდებოდა უკრაინაშიც. [...] ახლა უკრაინას აღარ აქვს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყველაფერი "კოლექტიურმა დასავლეთმა", აშშ-ს მეთაურობით "ფეხქვეშ გათელა"". – წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ქართული ოცნების დეპუტატების მსგავსად ილაპარაკა აშშ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედ კანონებზეც:

"ასეთივე კანონი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ყველა მის კოპირებას ახდენს. ეს არის 1938 წლის კანონი FARA. იგივე კანონი არის 60, მათ შორის რამდენიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში".

ზახაროვას მტკიცებით, დასავლეთისგან განსხვავებით შანტაჟი რუსეთის მეთოდი არ არის, ხოლო რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უკან აშშ დგას. 

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ "ამ პირობებშიც კი" რუსეთი საქართველოსთან, "ყოველგვარი ხელოვნური დათქმების გარეშე"  სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს.

კომენტარები