ქართული ოცნება

TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, სერგო ხაბულიანმა, 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ქართულ ოცნებას 40 ათასი ლარი შესწირა.

"სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი ნაციონალური მოძრაობიდან ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა ნაციონალური მოძრაობა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია ცეკურმა ქართულ ოცნებას 438,000 ლარი შესწირეს. შპს ცეკურმა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული". - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ამას გარდა, TI-ს ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ისტორიის მქონე კომპანიამ, შპს "ბონდ-2009-მა" 2024 წლის პირველ კვარტალში ქართულ ოცნებას 77 000 ლარი შესწირა. მისმა აქციონერებმა, დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ, ქართულ ოცნებას ჯამში 237 000 ლარი შესწირეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ქართული ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა რამდენიმე კომპანიამ ისარგებლა სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სუბსიდიებითა და მხარდაჭერის პროგრამებით. მაგალითად: შპს შატო მუკუზანმა ყურძნის მოსავლის სახელმწიფო მხარდაჭერით 2022 და 2023 წლებში 593 972 ლარი მიიღო. შპს შატო ხვანჭკარამ, რომელიც ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაშია 121 281 ლარი მიიღო.

TI-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების შემოწირულობამ წინა კვარტლისგან განსხვავებით 20-ჯერ იკლო და გასულ კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღებული თითქმის 10 მილიონი ლარისგან განსხვავებით, შემოწირულობები ამ კვარტალში ამ თანხის დაახლოებით 5%-მდე დაეცა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, ამის მიუხედავად, პარტიის შემოწირულობის მნიშვნელოვან ძალას ისევ წარმოადგენენ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული შპს კომპანიების მეწილეები, მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორიცაა ცეკური და ბონდი - 2009.

"2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქართულ ოცნებას 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შესწირა, ამ პირებს  ქართული ოცნების სასარგებლოდ ჯამში სულ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო". - წერს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველა პარტიამ ერთობლივად მიიღო 1 224 111 ლარის ოდენობის შემოწირულობა, რაც მეტყველებს საერთო თანხის რვა ჯერ შემცირებაზე. შედარებისთვის, წინა კვარტალში შემოწირულობა 10 163 787 ლარს წარმოადგენდა. მთლიანი შემოწირულობების ლიდერად 37%-ით (447 030 ლარი) მაინც ქართული ოცნება დაფიქსირდა, რასაც მოჰყვება ლელო 445 500 ლარით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 170 720 ლარით.

კომენტარები