რუსული კანონი

EU-მ დაასანქციროს კანონის მიღებაში მონაწილე პირები – რეზოლუციის პროექტები ევროპარლამენტში

amazonaws.com

ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების, მათ შორის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

მირიამ ლექსმანის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპარლამენტართა მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ:

"[ევროპარლამენტი] გამოხატავს განგაშს, რომ რუსული სტილის უცხოური გავლენის აგენტების აქტის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უძღვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას, სამუდამოდ უნდა შეჩერდეს; [ევროპარლამენტს] მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულებების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია დგას.

[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია, რომ შემოთავაზებული უცხოური  გავლენის აგენტების კანონი ძირს უთხრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მუშაობას, რომლებიც არიან საუკეთესო და ეფექტური სუბიექტები ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის; აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში;

[ევროპარლამენტს] მიაჩნია, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს; დგას ქართველი ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს იცხოვრონ განვითარებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს.

კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა; კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო ლიდერისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოვუწოდებთ კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი წყობიდან ამოღებით, მისი მიღების შემთხვევაში". - წერია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის კიდევ ერთ პროექტში, რომლის ავტორებს შორის არიან მარკეტა გრეგოროვა და ვიოლა ფონ კრამონი, ასევე დაგმობილია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა. პროექტში არის მოწოდება ქართული ოცნებისადმი, უარი თქვან კანონის მიღებაზე.

"[ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ მავნე კანონმდებლობის ხელახლა შემოღებას და დაუყოვნებლად გაიწვიოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"; მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაარღვიონ ქართველი ხალხის ნება, არამედ იბრძოლონ დეპოლარიზაციისა და საზოგადოების შერიგებისკენ ყველა ქართველის საკეთილდღეოდ;

ასევე გმობს მმართველი პარტიის განზრახვას, შემოიღოს კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების ხელშეწყობის კრიმინალიზებას ახდენს, რომელიც ანარეკლია რუსეთში მსგავსი კანონმდებლობის; ხაზს უსვამს, რომ ასეთი კანონმდებლობა ასევე არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ფასეულობებს და ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან მორიგ გადახვევას; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მსგავსი კანონმდებლობის შემოღებისაგან;

მოუწოდებს კომისიას დაუყონებლივ ჩაატაროს შუალედური შეფასება საქართველოს მიერ იმ ნაბიჯების იმპლემენტაციისა, რომლითაც ქვეყანას პირობით მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წარადგინოს თავისი დასკვნები ზეპირ განახლებაში; სთავაზობს, კომისიამ გამოაქვეყნოს თავისი ანგარიში საქართველოს შესახებ, როგორც გაფართოების შესახებ მისი ყოველწლიური განცხადების ნაწილი არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა;

მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიკვლიონ ამ კანონის შედეგები მათზე, როგორც დონორების როლზე საქართველოში და შეძლებისდაგვარად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ კუთხით კანონმდებლობის გავლენის შესახებ;

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლისა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველი და კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, მიღების და განხორციელების შემთხვევაში, დაარღვევს ევროპის საბჭოს კანონის უზენაესობის სტანდარტებს ვენეციის კომისიის განმარტებით, საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეები იქნებიან ამ კანონის შემდგომი მიღების". - წერია რეზოლუციის პროექტში.

რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები დღეს, 23 აპრილსაა დაგეგმილი. რეზოლუციების პროექტების კენჭისყრა კი 25 აპრილს გაიმართება.

კომენტარები