გერმანია

გერმანიაში ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

Bjoern Trotzki/IMAGO

გერმანიაში ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიის სამი მოქალაქე დიუსელდორფსა და  ბად ჰომბურგში დააკავეს. ინფორმაციას სამი ადამიანის დაკავების შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს

როგორც ცნობილია, დაკავებულები ჩინეთის საიდუმლო სამსახურს აწვდიდნენ ინფორმაციას გერმანიაში სამხედრო ხომალდების ძრავების უახლეს ტექნოლოგიებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გერმანელები კვლევით პროექტში იყვნენ ჩართული, რომელიც სამხედრო ხომალდებს ეხებოდა. 

სამართალდამცავებმა დაკავებულების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. დაკავებულები თანამშრომლობდნენ ერთ-ერთ გერმანულ უნივერსიტეტთან და კვლევის შედეგებს ჩინურ მხარეს უზიარებდნენ, რაც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინათ. 

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ" - თქვა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა. 

კომენტარები