რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უორნერი: აშშ-ს დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს

Samuel Corum/Getty Images

აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ უორნერის თქმით, აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ უორნერმა CBS News-ის ეთერში განაცხადა.

წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღებაზე საუბრისას სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, იარაღი უკრაინაში მომავალი კვირის ბოლომდე გაეგზავნება.

"იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ის [კანონი] პრეზიდენტამდე მიაღწევს, სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი მიეწოდება შორი მოქმედების რაკეტებთან, ATACMS-ებთან [ერთად], მე იმედი მაქვს, როდესაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს. ეს ტვირთები კვირის ბოლოსთვის უკვე გზაში იქნება. [...] ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადმინისტრაცია მზად იყო ATACMS-ის მისაწოდებლად. ეს წერია ამ კანონში". - თქვა უორნერმა.

გარდა ამისა, სენატორმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მოტივაცია მაღალი იყო, თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, რადგან მათ ჭურვების საშინელი დეფიციტი ჰქონდათ და დღეში 8-10 ჭურვს ისროდნენ.

"უკრაინელების გამბედაობის და მონდომების დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ თუ მათ არ ექნებათ ჭურვები, ამ ბრძოლას ვერ გაუძლებენ". - თქვა უორნერმა.

კომენტარები