რუსული კანონი

ევროპარლამენტის დელეგაცია რუსულ კანონზე: საფრთხეში აგდებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაცია (DSCA) საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის განმეორებით დაინიცირებასთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მოქმედი მომხსენებელი სვენ მიქსერი აწერენ ხელს.

ევროპის პარლამენტის დელეგაცია წერს, რომ "ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოს მმართველი პარტიის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის ხელახალი წარდგენით".

განცხადების მიხედვით, "ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმაა. იგი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს ამბიციებთან და საფრთხეში აგდებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს იმედი არ გაუცრუოს და ითანამშრომლოს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იყოს". - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ამასთანავე, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაცია სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების ძალით დაშლის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

"მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და ზედმიწევნით უნდა იყოს პატივცემული, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის". - წერია დელეგაციის განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაიცვან და თავიდან აირიდონ ძალადობისკენ ესკალაცია.

"ჩვენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ განმეორებით მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ და შეგახსენებთ, რომ შესაფერისი ნაბიჯები, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა, ჯერ კიდევ შესასრულებელია". - წერია განცხადების ბოლოს.

კომენტარები