ევროკავშირი-სომხეთი

ბორელი: ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. ამის შესახებ ბორელი სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს სამმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ორი თვის წინ ბრიუსელში სომხეთთან პარტნიორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. ნათელი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, ეს ურთიერთობები ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი ინტერესი, რათა მოხდეს მათი კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს სწორედ ის არის, რასაც დღეს აქ ვაკეთებთ. ჩვენ ეს პარტნიორობა შემდგომ დონეზე გადაგვყავს. ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაერთიანებთ ძალებს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და მედეგობის მიმართ". - თქვა ბორელმა.

ამავდროულად, ბორელის თქმით, უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.

"ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა, რათა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ეს ძალისხმევა იქნება პარტნიორობის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული შეთანხმების ნაწილი. ეს გაზრდის სომხური საზოგადოების გამძლეობას. ამ შეხვედრის წინ ვნახეთ, რომ სომხეთი სულ უფრო მეტად ხდება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის სამიზნე. ჩვენი ვალდებულების ნაწილია, დაგეხმაროთ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში. გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ჩვენი მუშაობა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას". - თქვა ბორელმა.

კომენტარები