ფსიქოტროპული აფთიაქები

აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – 5 ადამიანი დააკავეს

shutterstock

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინეს, სადაც ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ წამლებს უკანონოდ ყიდდნენ.

"გამოძიების შედეგად, აჭარის რეგიონში კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოვავლინეთ, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ან შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაყიდვა". - წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო საქმიანობის დაფარვის მიზნით, აფთიაქი სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით ფუნქციონირებდა. 

"უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 3 იურიდიული პირი მიეცა, ხოლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა 6 ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 5 ადამიანი დაკავებულია.

დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, კანონიერი სახე მისცეს და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს". - წერია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები და ბრალდებულების მფლობელობაში არსებული 2 მანქანა ამოიღო.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები