მოსამართლეები

NGO-ები: სასამართლომ 4 მოსამართლის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეებს შორის აშშ-ს მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

არასამთავრობოების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ 27 მოსამართლე შეარჩია, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2024 წელს უნდა შემოწმებულიყო. NGO-ების ინფორმაციით, კომისიამ ეს გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით მიიღო.

NGO-ების ცნობით, ოთხმა მოსამართლემ: ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს, რაც დაუკმაყოფილეს.

"კეთილსინდისიერ მოსამართლეს მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ წინააღმდეგობა არ უნდა ჰქონდეს. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე საფუძვლიან ეჭვს აჩენს". - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებენ:

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო

 

 

კომენტარები