რუსული კანონი

2 დღის წინ, NGO-ებზე რუსული სტილის კანონი სლოვაკეთის პრორუსულმა ხელისუფლებამაც წარადგინა

Shutterstock/Ventura

2 დღის წინ, ქართული ოცნების პარალელურად, "არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე" რუსული სტილის კანონპროექტი სლოვაკეთის ხელისუფლებამაც წარადგინა.

სლოვაკეთის მმართველი კოალიციური ეროვნული პარტია (SNS) გამოვიდა წინადადებით, რომ NGO-ებზე კანონში ცვლილება შევიდეს. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 5 000 ევროზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებს, უნდა აღირიცხოს როგორც "ორგანიზაცია უცხოური მხარდაჭერით".

"ამ წინადადების მიზანია, გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რაც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების ძირითად ელემენტს შემოწირულობებისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმით, თუ თანხა კანონით განსაზღვრულ ერთჯერად ან კუმულაციურ თანხას აღემატება". - ნათქვამია ცვლილების განმარტებით ბარათში.

კანონის რომელიმე ახალი დებულების დარღვევის შემთხვევაში, სლოვაკეთის მმართველი პოპულისტური პარტია NGO-ებისთვის საქმიანობის იძულებითი შეჩერების შესაძლებლობის გაზრდის შეთავაზებითაც გამოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, ორგანიზაციების მიერ წლიური ანგარიშის რეესტრში წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააუქმოს ისინი.

სამშაბათს, 2 აპრილს, სლოვაკეთის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციების პალატამ მოუწოდა პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობას, უარყოს წინადადება და თქვა, რომ ის "დისკრიმინაციულია და არღვევს როგორც სლოვაკეთის, ასევე ევროპულ კანონებს".

"პარტია SNS-ის წინადადება მეტ-ნაკლებად იდენტურია უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე უნგრეთის კანონის. ის ზღუდავს კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას ევროკავშირის შიგნით, რაც ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება მის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს, რომლებიც ჩვენს კანონებზე უპირატესია". - თქვა კატარინა ბატკოვამ, ადვოკატმა და მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა.

უნგრეთმა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების შესახებ მსგავსი კანონი 2017 წელს მიიღო, თუმცა, 2021 წელს, ევროკავშირის ოფიციალური შეტყობინებისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ კანონის ანულირების შემდეგ, მისი გაუქმება მოუწია. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი შეზღუდვები არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას.

ცოტა ხნის წინ, ალბანეთის პრორუსულმა ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ NGO-ებში, სოციალურ მედიასა და მასმედიაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას გეგმავენ.


არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდა ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები