თაღლითობა

პროკურორის სახელით 4000$-ის დაუფლების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორის სახელის გამოყენებით, 4 000 ამერიკული დოლარის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა ერთ-ერთი პროკურორის სახელი გამოიყენა და დაზარებულს შეჰპირდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა შეეძლო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა. საკითხის მოგვარების სანაცვლოდ კი 4000 აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის ნაწილი ბრალდებულმა დაზარალებულს პირადად გამოართვა, რა დროსაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რასაც მოჰყვება მყისიერი, სამართლებრივი რეაგირება". - წერს უწყება.

კომენტარები