რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ARD: გერმანული კომპანიები ოკუპირებულ მარიუპოლში რუსეთის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ

გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. ARD Monitor-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ Tagesschau წერს.

გამოძიებაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო კომპანიების წლიური ანგარიშებიდან, ასევე ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ გერმანული ფირმები მარიუპოლის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ვიდეომასალაში სამშენებლო ტექნიკაზე, ასევე, სამშენებლო კონსტრუქციებსა და მასალებზე გერმანული კომპანიების ლოგოები ჩანს, მათ შორის, WKB Systems GmbH-ის და Knauf-ის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Knauf-ის დამფუძნებელი, ნიკოლაუს კნაუფი 20-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთის საპატიო კონსული იყო. გერმანული კომპანიის ანგარიშში წერია, რომ Knauf-ს რუსეთში ამ დრომდე ჰყავს 4 000-მდე თანამშრომელი, გაყიდვების მოცულობა კი, მილიარდობით დოლარს შეადგენს.

Monitor-ის გაგზავნილ კითხვებზე პასუხად Knauf-მა განაცხადა, რომ კომპანია უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას იცავს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კომპანიის წარმოება მხოლოდ "რუსული ბაზრისთვის მუშაობს". გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვების უდიდესი ნაწილი კი Knauf-მა უპასუხოდ დატოვა.

კომენტარები