თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

შოიგუ: იმედია, მოსკოვის ტერაქტის უკან საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან

სერგეი შოიგუ

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ იმედოვნებს, მოსკოვის ტერაქტის უკან საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან

"კიევის რეჟიმი არაფერს აკეთებს დასავლელი ზედამხედველების მხარდაჭერის გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან [მოსკოვის ტერაქტის] უკან" - თქვა სერგეი შოიგუმ.

ამის შესახებ განცხადება შოიგუმ სებასტიან ლეკორნუსთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა მის უკან რეალურად უკრაინა დგას. 

საფრანგეთის დაზვერვის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ის ჯგუფი, რომელმაც 22 მარტს მოსკოვში კორკუს სითი ჰოლზე ტრაქტი მოაწყო, თავდასხმას ასევე საფრანგეთშიც გეგმავდა. ამის ფონზე, ემანუელ მაკრონმა რუსეთის დაზვერვას ტერორიზმის საფრთხის კონტექსტში თანამშრომლობა შესთავაზა. რუსეთი კროკუს სითი ჰოლზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინას აბრალებს.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ს მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები