რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლეთის სანქციების არიდების მიზნით, ყირგიზეთი რუსულ საგადახდო ბარათებს აღარ მიიღებს

რუსული Мир-ის ბარათები
duma.gov.ru

ყირგიზეთის ეროვნული საგადახდო სისტემის ოპერატორმა 2 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული Мир-ის საგადახდო სისტემის ბარათებს აღარ მიიღებენ, ვინაიდან ამან შესაძლოა ყირგიზეთის საფინანსო სექტორი დასავლური სანქციების საფრთხის წინაშე დააყენოს.

ყირგიზეთის ბანკთაშორისი დამუშავების ცენტრის (Межбанковский процессинговый центр, ასევე IPC) განცხადებით, ქვეყანაში Мир-ის საბანკო ბარათები ძალას 5 აპრილიდან დაკარგავენ, რათა "მეორეული სანქციების რისკი შემცირდეს".

IPC-ის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი თებერვალში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ბარათების საგადახდო სისტემის ოპერატორზე "Мир" დაწესებული სანქციები გახდა.

აშშ-მ თებერვლის თვეში Мир-ის უკან მდგომ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა და ამასთანავე ცდილობს, წნეხის ქვეშ მოაქციოს ის ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან საფინანსო კავშირები აქვთ. სანქციების დაწესების დროისთვის Мир-ის ბარათები რუსეთის გარდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელაში, კუბაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოიყენებოდა. 

ცენტრალური აზიის ქვეყნების ბანკების დიდ ნაწილს Мир-ის გამოყენება 2022 წლისთვის უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა ყირგიზეთში მიღებული გადაწყვეტილება ბოლო დროს დასავლეთიდან წამოსული წნეხის შედეგის მაჩვენებელია. აშშ მოსკოვის მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების ხელშეწყობას აშშ-ს მხრიდან სათანადო პასუხი ექნება.

მარტის თვეში Мир-ის ბარათების მიღება მეორეული სანქციების თავიდან არიდების მიზეზით ასევე სომხეთმაც შეწყვიტა.

კომენტარები