საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ჩხეიძეს: გამსახურდიას შეურაცხყოფაა, როცა პარლამენტი სახლის შუშაბანდში გერევათ

"პარლამენტის შენობა როცა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში, ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად რა უნდა დაკიდოთ თუ არ დაკიდოთ, ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფა" - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ნატო ჩხეიძეს უპასუხა მას შემდეგ, რაც ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარეს მიმართა ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის პარლამენტში დაკიდებასთან დაკავშირებით. 

"რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერია, როდესაც თქვენ ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ. ეს არის ზუსტად სპეკულაცია, თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. ზვიად გამსახურდიასა და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე როცა საუბრობთ, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს. პარლამენტის შენობა როცა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში, ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად რა უნდა დაკიდოთ თუ არ დაკიდოთ, როდის და როგორ ხდება ეს ყველაფერი, ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაც და იმის შეურაცხყოფაც, რისთვისაც ის იბრძოდა. ყველაფერს აქვს თავისი ფორმები. პარლამენტი თქვენს პირად სივრცეში რომ გერევათ და თქვენი შეხედულებით წყვეტთ, სად, როგორ და რა ჩამოკიდოთ, ეს ყველაფერი წინააღმდეგია ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარისა.

სირცხვილია, რაც დღეს გააკეთეთ. მე არ მინახავს, ამის შესახებ მანდატურმა მითხრა. სირცხვილია, როცა პარლამენტს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას აკადრებთ იმას, რომ მისი ხსოვნის სპეკულირებით წყვეტთ, პარლამენტში სად რა მოხდეს, სად იყოს ზვიად გამსახურდიას სურათი გამოფენილი და ასე შემდეგ. ასე არ წყდება, ასე სახელმწიფო არ იქცევა და ზუსტად ეს საქციელი არის სამარცხვინო" - თქვა პაპუაშვილმა. 

ნატო ჩხეიძის თქმით, მან და როსტომ ჩხეიძემ ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათი სასესიო დარბაზის წინა კედელზე ჩამოკიდეს. 

"ბატონო შალვა, მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. მოგეხსენებათ ეს დარბაზი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის. რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზის წინა კედელზე ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ჩემი და როსტომ ჩხეიძის მიერ ჩამოკიდებული იქნა ზვიად გამსახურდიას გამოსახულება ანუ მისი ფოტო-სურათი. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას შეუსრულდა საიუბილეო თარიღი – 85 წელი, რაც არანაირად არ იქნა აღნიშნული სახელმწიფოს მიერ და სამწუხაროდ, არც პარლამენტის მიერ არ იქნა დაფასებული მისი ღვაწლი. მისი ღვაწლი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს ფუძემდებლობა. ამიტომ, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა და ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას მივუჩინეთ სათანადო ადგილი, ანუ მისი სახელობის დარბაზის წინ. მოგმართავთ, რომ თქვენი ბრძანებით, კანონიერი გახადოთ ზვიად გამსახურდიას გამოსახულების არსებობა საქართველოს პარლამენტში" - თქვა ჩხეიძემ. 

კომენტარები