ივანიშვილების ოჯახი

Daily Mail: ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამის ქონების სანქციებისგან დასაცავად პირობებს ქმნის

ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მის მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას.

ტაბლოიდი წერს, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში გამორჩეული ცხოვრების სტილით ცხოვრობს – "ურთიერთობას ამყარებს ადგილობრივ ცნობილ ადამიანებთან, ესწრება მაღალი დონის საფეხბურთო მატჩებს, ამავდროულად, მილიონ დოლარს რიცხავს ტროპიკული ტყის გადასარჩენად, თუმცა, უსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ბრაზილიაში ყოფნის რეალური მიზანი, მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა, იმ შემთხვევისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება გაიქცეს".

როგორც სტატიაში აღნიშნული, ივანიშვილი შიშობს, რომ ევროპაში ან აზიაში მისი მილიარდები უსაფრთხოდ ვერ იქნება და სწორედ ამიტომ სურს ფულის ბრაზილიაში გადატანა, თუ ამის საჭიროება დადგება.

გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი ანონიმური წყარო ამბობს, "ამ დრომდე ივანიშვილი და მისი ოჯახი სანქციებს გაურბოდნენ, მაშინ როცა პუტინის მხარდამჭერ სხვა ოლიგარქებს, მათ შორის, რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთში საკუთარი ქონების გაყიდვა მოუწია, ნაწილს კი ქონება გაუყინეს".

"თუმცა, ჩნდება კითხვები არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა მრავალმილიარდიანი ქონების დაცვის სტრატეგიის ნაწილი, იმ შემთხევისთვის, თუ ის მომავალში სანქციების სამიზნე გახდება.

მაგალითისთვის, უკრაინა ივანიშვილების სანქცირებაზე ხმამაღლა საუბრობს. ბრაზილიაში კი ივანიშვილისთვის ქონების ჩამორთმევა გაცილებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ან ევროპაში.

პარალელურად, ივანიშვილი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ წასვლისგან თავს შეიკავებს თუ ის წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს. ეს კი მას დამატებით წლებს მისცემს". - აღნიშნავს წყარო გამოცემასთან საუბრისას.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საკუთარი ქონების დასაცავად ყველაზე უსაფრთხოდ გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, მათ შორის, ბრაზილიას მიიჩნევს და სწორედ ამის გამო "წარსულში მან დიდი თანხა შესწირა ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდს, რათა ამ ქვეყანაში სახელი გაეთქვა".

გარდა ამისა, ბერა ივანიშვილზე საუბრისას, Daily Mail-ი 2021 წელს გამოქვეყნებულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერებსაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმ ახალგაზრდებს სტუმრობდნენ, ვინც ბერას Facebook-ზე აკრიტიკებდა და მათ კომენტარებს იძულებით აშლევინებდნენ".

ამავდროულად, სტატიაში ნახსენებია, აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც გამოცემა კრემლის აგენტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბერა ივანიშვილის ყოფილი გენპროკურორის შვილის ნათლიაა.

კომენტარები