თაღლითური სქემა

თაღლითებმა სესხის გააქტიურება შეძლეს - ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს თაღლითური ოპერაციების შესახებ აფრთხილებს

როგორც ეროვნული ბანკი წერს, ბოლო პერიოდში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის, (Any Desk) - ის გამოყენებით, რამდენიმე თაღლითური შემთხვევა მოხდა.

მათი ცნობით, იყო ისეთი ტიპის შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვა ანგარიშებზე გადარიცხვა. 

სებ-ის განცხადებაში აღწერილია, რომ თაღლითები მომხმარებლებს უბიძგებენ, კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მობილურ ტელეფონში გადმოწერონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვა აპლიკაციების - მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების (და ა.შ.) - დისტანციურად კონტროლისა და მასზე წვდომის საშუალებას მისცემს.

"კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააყენონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.

დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995) 0322406406," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში."      

კომენტარები