თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსი სამხედრო, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ყური მოაჭრა, დანის გაყიდვას გეგმავს

რუსი სამხედრო, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ ერთ-ერთ პირს ყურს აჭრის და შემდგომ მის ჭამას აძალებს, ტელეგრამ არხზე წერს, რომ ყურის მოჭრაში გამოყენებული დანის გასაყიდად აუქციონის მოწყობას გეგმავს.

ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორისტს.

ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდამსხმელის დაკავების კადრები ჩანს. ვიდეოში ჩანს, თუ ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც მიწაზე წევს. მას თავზე სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი ადგას. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭვმიტანილის მოჭრილი ყური უჭირავს. სპეცსამსახურის თანამშრომელი კადრებში რამდენჯერმე ცდილობს, რომ სხეულის ნაწილი კაცს პირში ჩაუტენოს. 

ამას გარდა, გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც დაკავებულ პირებს კითხავენ. ერთ-ერთ ჩანაწერში პირს, რომელსაც სახე დასისხლიანებული, ყური კი ახვეული აქვს, ეუბნებიან: "ერთი ყური კიდევ დაგრჩა". 

მოგვიანებით მედიაში ISIS-ის ტერორისტების დაკავების სურათები გავრცელდა, რომელშიც რუსი სამხედროები ჩანან. ერთ-ერთ ფორმაში მყოფ პირს კი ხელში სავარაუდოდ ყურის მოჭრაში გამოყენებული დანა უჭირავს, ხოლო ფორმაზე ე.წ. "შავი მზის" სამკლავური (იგივე "შევრონი") უკეთია.

კომენტარები