თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

პუტინი: ტერორისტები უკრაინისკენ მოძრაობდნენ, სადაც საზღვრის გადაკვეთის გეგმა მზადდებოდა

ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლა 22 მარტს მოსკოვის ოლქში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გუშინ მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას გამოეხმაურა, რომელსაც მისი თქმით, "ათეულობით მშვიდობიანი, არაფერში დამნაშავე ადამიანი" ემსხვერპლა.

მან ასევე განაცხადა, რომ ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა.

"რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებასა და ოპერატიული-სამძებრო სამუშაოებს, ამჟამად შეიძლება ითქვას შემდეგი: ტერაქტის უშუალოდ შემსრულებელი ოთხივე პირი, ყველა, ვინც ისროდა, ხოცავდა ხალხს, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი ცდილობდნენ მიმალვას და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინის მხარის მიერ მომზადებული იყო სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელი ფანჯარა". - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, "მთლიანობაში დაკავებულია 11 ადამიანი. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ ტერორისტების მთელი თანამზრახველი ბაზის იდენტიფიცირებასა და გამოვლენაზე: [მათ გამოვლენაზე,] ვინც მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, უნიშნავდა დანაშაულის ადგილიდან გვერდის ასავლელ გზებს, უმზადებდა სათავსოებს, იარაღისა და საბრძოლო მასალის საიდუმლო საცავებს".

ამასთანავე, პუტინმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის "ქვეყნის ყველა რეგიონში მიღებულია დამატებითი ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ტიპის დამატებითი ზომები", რათა პოტენციურ თავდამსხმელებს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

პუტინმა მომხდარი ტერაქტი ნაცისტების მიერ ჩადენილ "სისხლისმღვრელ დაშნების აქტებს" შეადარა და პირობა დადო, რომ "დანაშაულის ყველა შემსრულებელი, ორგანიზატორი და დამკვეთი მიიღებს სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს".

გამოსვლის ბოლოს პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ტერორისტული თავდასხმის ფონზე, ყველას, მათ შორის "ფრონტზე მყოფი მებრძოლი ამხანაგებისა" და "ქვეყნის ყველა მოქალაქის" ვალია, "ვიყოთ ერთად, ერთ მწყობრში".

კომენტარები