თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ჰამასი, რომლის თავდასხმას ისრაელში ასობით პირი ემსხვერპლა, რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომლის თავდასხმასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთში, კრასნოგორსკში მომხდარ ტერაქტს გმობს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. ჰამასმა ტექსტი რუსეთში მომხდარი ტერაქტის დაგმობაზე Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა.

"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა (ჰამასი) უმკაცრესად გმობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა" - წერია ჰამასის განცხადებაში. 

ჰამასის წარმომადგენლებმა ასევე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და რუს ხალხს მიუსამძიმრეს.

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.

კომენტარები