თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

საქართველოს მთავრობა: მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს ვგმობთ

Maxim Shemetov/Reuters

საქართველოს მთავრობა რუსეთში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტს გმობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია წერს.

"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". - წერია მთავრობის განცხადებაში.

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საჯარო მიმართვა ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მან დაშავებულებს გამოჯანმრთელების სურვილები ვიცეპრემიერი ტატიანა გოლიკოვას მეშვეობით გადასცა. 

გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ანუ ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება - ე.წ. ხორასანის ვილაიეთი.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები