რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 60-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 90-მდე რაკეტა ესროლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 60-ზე მეტი Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"გასული ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შაჰიდი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გვესროლეს. მსოფლიო რუსი ტერორისტების სამიზნეებს ცხადად ხედავს:  ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას ებრძვის. ვუსამძიმრებ ამ ტერორის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს". - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა ქალაქში, რომელიც თავდასხმის შედეგად დაზარალდა, უკვე ფუნქციონირებს აუცილებელი სერვისები. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა კი გრძელდება.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენა, რომ დასავლური დახმარების პაკეტებისგან განსხვავებით, რუსულ რაკეტებს შეფერხებები არ აქვთ.

"კამიკაძე დრონებს ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად გადაუწყვეტელობა არ ახასიათებთ. აუცილებელია, რომ გვესმოდეს გადავადებების და გადადებული გადაწყვეტილებების ფასი. Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ხარკოვი და ზაპოროჟია უნდა დაიცვან. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ადამიანები, ინფრასტრუქტურა, სახლები და კაშხლები. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან რა გვჭირდება. მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად შეუძლიათ. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები. მოსკოველი მონსტრებისგან სიცოცხლე აუცილებლად უნდა დავიცვათ". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები