რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პროუკრაინული რუსული ჯგუფები ბელგოროდისა და კურსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

რუსული მოხალისეთა კორპუსისა და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების წევრები, 2023 წელი.
Sergey Bobok/Getty Images

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ქვედანაყოფები: რუსული მოხალისეთა კორპუსი, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და ციმბირის ბატალიონი ქალაქ ბელგოროდისა და კურსკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ ევაკუაცია. ჯგუფები საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს. ქვედანაყოფები ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ ევაკუაციის პროცესი.

განცხადებაში წერია:

"ჩვენ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს: ბელგოროდის მცხოვრებლებს, ბელგოროდის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და ყველას, ვისაც ესმის.

პუტინის მკვლელებს მიაქვთ მასობრივი იერიშები უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებზე, ისე, რომ საკუთარ პოზიციებს ათავსებენ თქვენს სახლებს შორის, თქვენი ბავშვების სკოლებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან. ყოველდღიურად, ათეულობით უბრალო, უდანაშაულო ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) იღუპებიან ბელგოროდიდან მიტანილი იერიშებით. უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს!

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ იძულებული ვართ გავუხსნათ ცეცხლი სამხედრო პოზიციებს, რომლებიც ქალაქ ბელგოროდსა და კურსკშია.

მოქალაქეებს შორის მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ქალაქი. ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე და დაიწყონ ქალაქების: კურსკისა და ბელგოროდის ევაკუაცია."


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფებმა რეიდები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან 3 დღით ადრე დაიწყეს. ხმის მიცემის პროცესი 15-17 მარტს გაიმართება. არჩევნებში ვლადიმირ პუტინს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

კომენტარები