რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გავრცელებული ცნობებით, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსებმა კურსკის საზღვარი გაარღვიეს

კადრი ლეგიონი რუსეთის თავისუფლების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ტელეგრამ-არხებზე 12 მარტის გამთენიისას გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინულმა დივერსანტულმა ჯგუფმა რუსეთის საზღვრის გარღვევა შეძლო და მიმდინარეობდა შეტაკებები. 

თავდაპირველად ომის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერი Wargonzo წერდა, რომ მისი მონაცემებით ე.წ. პიკაპებით არტილერიისა და ყუმბარმტყორცნების ცეცხლის მხარდაჭერით რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. მისივე ცნობით, საზღვრის მახლობლად განლაგებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ტანკიც, რომლებმაც იერიშის დაწყებამდე ცეცხლი გახსნეს.

ВГТРК-ს კორესპონდენტის, ანდრეი რუდენკოს ცნობით, გამთენიისას ბელგოროდის ოლქში მოხდა შეტაკება. მისი მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა საზღვართან სამი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, კურსკის ოლქში დივერსანტები სოფელი ტიოტკინოს რაიონში საზღვრის გარღვევას ცდილობდნენ.

პარალელურად ტელეგრამ-არხი BAZA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, გაავრცელა უკრაინის მხარეს მებრძოლმა ციმბირის ბატალიონმაც. ვიდეომიმართვა გაავრცელა ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმაც, რომელშიც ამბობდნენ, რომ რუსეთის გასათავისუფლებლად მიდიან. მათ ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც სოფელ ტიოტკინოში ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. მათ გამოაქვეყნეს ჩანაწერიც, რომელშიც ტანკებიც ჩანდა და წერდნენ, რომ მათი მეშვეობით საზღვარი გადაკვეთეს. პარალელურად, რუსული მოხალისეთა კორპუსი ასევე ავრცელებდა კადრებს, რომლის მიხედვითაც, მოქმედებებში მონაწილეობას თავადაც იღებდნენ.

უკრაინის დაზვერვის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რუსული მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის ბატალიონი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი ქვედანაყოფები, რადგან ისინი რუსეთი მოქალაქეების მიერაა დაკომპლექტებული.

ფაქტი, რომ შეტაკებები მოხდა დაადასტურა კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმაც. თუმცა, მისი მტკიცებით, "მოხდა შეტაკებები, მაგრამ არანაირი გარღვევა არ მომხდარა".

უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსი მოხალისეების დანაყოფებმა რუსეთში რეიდები გასულ წელსაც მოაწყვეს.

 

კომენტარები