ქალის მკვლელობა

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პოლონეთში, ქართველი ქალის, როზეტა ყალიჩავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ლოძის რაიონულმა სასამართლომ 6 მარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, მას როზეტა ყალიჩავას არასრულწლოვანი შვილებისთვის დაახლოებით 50 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. ინფორმაციას ორგანიზაცია საფარი ავრცელებს, რომლის იურისტიც დაღუპული ქალის უფლებებს იცავდა.

საფარის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და ორგანიზაცია საფარის იურისტს, თამარ ლუკავას  შორის შემდგარი მიმოწერაა. აგრეთვე, საფარის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა.

"2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შს ორგანოები ჩააყენა, მათ შორის, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა.

საფარის აქტიური ჩართულობისა და დაუყონებლივი მოქმედების მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, ქალზე სისტემატურად მოძალადე კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლონეთის საგამოძიებო ორგანო კაცისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა. შედეგად, კაცი სახლში დაბრუნდა და, 2022 წლის 24 მაისს, ქალი სახლში მარტო ყოფნის დროს მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარად, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა". - წერს ორგანიზაცია საფარი.

საფარის ცნობით, ისინი პოლონეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, Helsinki Foundation for Human Rights-ს დაუკავშირდნენ, რომელთან ერთადაც, ადვოკატ იაროსლავ იაგურას წარმომადგენლობით, პოლონეთის პროკურატურასა და ლოძის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა. ორგანიზაციის განცხადებით, დედის გარდაცვალების შემდეგ, როზეტას სამი მცირეწლოვანი შვილი საფარის იურისტის, თამარ ლუკავას ხელმძღვანელობით, საქართველოში, როზეტას დედის ოჯახში დაბრუნდა და ამჟამად საფარის იმერეთის იურისტი, სალომე სალდაძე მუშაობს იმაზე, რომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ბებიამ მიიღოს.

საფარის იურისტმა, ეკა მუზაშვილმა განმარტა, რომ საქმე ჯერ დასრულებული არაა და ამჟამად, ორგანიზაცია Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად ბავშვებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები