რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: ტრამპი უკრაინას ფულს არ მისცემს და ომიც დამთავრდება

ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი
ORBÁN ON X

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად ფულს აღარ მისცემს, რაც ომის დასრულებას დააჩქარებს.

"ის უკრაინა-რუსეთის ომში არცერთ ცენტს არ ჩადებს და შედეგად ომი დასრულდება... ცხადია, უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია... თუ ამერიკელები ფულს და იარაღს არ მისცემენ და ევროპელებიც ასე მოიქცევიან, მაშინ ეს ომი დამთავრდება. იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ და მაშინ ომი დასრულდება". - თქვა ორბანმა 10 მარტს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში.

ორბანის თქმითვე, "სხვა საქმეა" რა შედეგით დასრულდება ომი სამშვიდობო მოლაპარაკებებით ზავის შემდეგ და როგორ შეიქმნება სტაბილური და უსაფრთხო ევროპა, მაგრამ ჯერ მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და "მას [ტრამპს] აქვს ამის შესაძლებლობა".

უნგრეთის პრემიერმა, რომელიც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მხარდამჭერია, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა 8 მარტს, ფლორიდაში გამართა.

ტრამპის წარმომადგენლებს ორბანთან შეხვედრის დროს განხილულ თემებს შორის უკრაინის მხარდაჭერა არ დაუსახელებიათ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყანას ეხება.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ორბანმა კიევში იარაღის გაგზავნაზე უარი თქვა და მოსკოვთანაც მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს. უნგრეთის პრემიერი გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა.

კომენტარები