გაერთიანებული სამეფო

The Times: ბორის ჯონსონმა ვენესუელაში მადუროსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი და ვენესუელის პრეზიდენტო ნიკოლას მადურო

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თებერვალში გასაიდუმლოებული და არაოფიციალური ვიზიტით ვენესუელაში ჩავიდა და ქვეყნის ავტოკრატ ლიდერს ნიკოლას მადუროს შეხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი დომინიკის რესპუბლიკაში ოჯახურ არდადეგებზე იყო, საიდანაც იგი ვენესუელაში გაფრინდა და ქვეყნის დედაქალაქ კარაკასის მიმდებარედ, არაუმეტეს 24 საათით დარჩა.

The Times-ის თქმით, ჯონსონმა მადუროს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე ბრიტანეთსა და ვენესუელას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ესაუბრა - გაერთიანებული სამეფო მადუროს ადმინისტრაციის ლეგიტიმურობას დღემდე არ ცნობს. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ ვენესუელამ შესაძლოა რუსეთს შეიარაღება მიაწოდოს და სხვა სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს.

წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ჯონსონმა ვენესუელის ლიდერს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა, და მეზობელ გაიანასთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციის მოთხოვნები წაუყენა.

ბოლო პერიოდში გაიანასა და ვენესუელას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვენესუელამ გაიანას ესეკიბოს რეგიონზე პრეტენზია განაახლა. 3 დეკემბერს ვენესუელის მოქალაქეებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მეზობელი გაიანას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მოგვიანებით ვენესუელა და გაიანა შეთანხმდნენ, რომ ძალის გამოყენებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან თავს შეიკავებდნენ.

გავრცელებული ცნობების შესახებ ბორის ჯონსონის უწყებაში განაცხადეს, რომ ვიზიტის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი გაფრთხილებული იყო. ჯონსონის სპიკერმა კი ასევე თქვა, რომ შეხვედრის სასაუბრო თემებთან დაკავშირებით რჩევებისთვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა კარაკასში ბრიტანეთის საქმეთა რწმუნებულს კოლინ დიკს მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეხვედრის შესახებ ჯონსონმა კამერონს გზაში შეატყობინა, თუმცა, რადგან ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო, ჯონსონს საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობა არ სჭირდებოდა.

კომენტარები