აშშ

ავღანეთში ISIS-ის ტერაქტში მოკლული სამხედროს მამამ ბაიდენის გამოსვლისას პროტესტი გამოხატა

პრეზიდენტი ბაიდენის მოხსენების ფონზე, 2021 წლის 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ISIS-ის მიერ მოწყობილ ტერაქტში დაღუპული საზღვაო ქვეითის მამა სტივ ნიკუი შეძახილებით პრეზიდენტის მიმართ პროტესტს გამოხატავს, 7 მარტი, 2024
Shawn Thew/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ კონგრესთან მოხსენებას აკეთებდა, რა დროსაც 2021 წელს ავღანეთის აეროპორტში ტერორისტულ აფეთქებაში მოკლული აშშ-ს საზღვაო ქვეითის მამამ შეძახილებით პროტესტი გამოხატა.

2021 წლის 26 აგვისტოს, როდესაც აშშ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების ევაკუაციას ცდილობდა, ქაბულის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 170 სამოქალაქო პირისა და 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.

ბაიდენის გამოსვლისას ერთ-ერთი მოკლული საზღვაო ქვეითის მამამ, სტივ ნიკუიმ იმ აეროპორტის შესასვლელის დასახელების ყვირილი დაიწყო, სადაც მისი შვილი და კიდევ 12 ჯარისკაცი ტერორისტის აფეთქებამ იმსხვერპლა.

იგი პოლიციის ოფიცრებმა დარბაზიდან მალევე გაიყვანეს. ხოლო კაპიტოლიუმის პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ნიკუის მას შემდეგ გამოუშვებენ, რაც არალეგალური პროტესტის მცდელობისთვის იგი $50-ის რაოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

ყვირილის გამო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლა წამიერად შეაჩერა, თუმცა მან კონგრესთან მოხსენება მალევე გააგრძელა. სტივ ნიკუი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან მასტმა მიიწვია.

ტერაქტის შემდეგ გარდაცვლილი საზღვაო ქვეითის მამა ჯო ბაიდენს ხშირად აკრიტიკებდა. მან 2021 წლის აგვისტოში გამოცემა The Daily Beast-თან განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ბაიდენს აკისრებს.

კომენტარები