გაბრიელ გარსია მარკესი

მარკესის შვილები მის ბოლო რომანს გამოსცემენ, რომლის გასაჯაროებაც მწერალს არ სურდა

GETTY IMAGES

გაბრიელ გარსია მარკესის შვილები მის ბოლო ტექსტს გამოაქვეყნებენ, იმის მიუხედავად, რომ თავად მწერალმა მათ უთხრა, წიგნი გაენადგურებინათ

BBC-სთან ინტერვიუში გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთმა ვაჟმა გონსალომ წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი არ იყო შესაბამის მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად განესაზღვრა ნამუშევრის ღირებულება და ის მხოლოდ ტექსტის ნაკლს ხედავდა. შვილის სიტყვებით, მან ტექსტის წაკითხვისას მამამისის ახალი, უნიკალური მხარე დაინახა.

"ჩვენ ამის შესახებ სამი წამი ვფიქრობდით - იყო თუ არა ეს ჩვენი მშობლების, მამაჩემის სურვილების ღალატი. გადავწყვიტეთ, რომ დიახ, ეს ღალატია. მაგრამ ამისთვის არიან შვილები" - თქვა გონსალო გარსია ბარჩამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან, აღნიშნული ტექსტი აუცილებლად გამოქვეყნდებოდა და ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო, გასაჯაროებულიყო წიგნის ის ვერსია, რაც მათ აარჩიეს.

კოლუმბიელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ბოლო დაახლოებით 100-გვერდიანმა რომანმა "აგვისტომდე" ლიტერატურის კრიტიკოსებისგან წინააღმდეგობრივი შეფასებები მიიღო. The Guardian-ის კრიტიკოსი ტექსტს აღწერს, როგორც ბუნდოვან სკეჩს, ერთგვარ ლიტერატურულ ჩანახატს. მარკესის ბოლო რომანი შუა ხნის ასაკის ქალზეა, რომელიც ყოველ ზაფხულს კუნძულზე დედის საფლავს სტუმრობს და ყოველ წელს კუნძულზე ახალ საყვარელთან ერთად ჩადის იმის მიუხედავად, რომ დაქორწინებულია. 

გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წელს გარდაიცვალა და ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ უმთავრეს წარმომადგენლად ითვლება. 

კომენტარები