პირველკლასელთა რეგისტრაცია

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განისაზღვრა

განათლების სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა, რომელიც 4 ეტაპს მოიცავს. პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

"ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ბავშვების საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

იქამდე კი, 1-ელ ეტაპზე, 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

"პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართონ. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამისი მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

იმ ბავშვებს, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება არ დაუდასტურდებათ, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ". - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მე-2 ეტაპზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმაც სასურველ საჯარო სკოლაში სწავლობს, მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

"მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ". - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი კი 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც  I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

სამინისტროს ცნობით, მე-4 ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველკალსელთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, registration.emis.ge-ზე განხორციელდება.

"რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას უნდა შეიცავდეს და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს
  2. კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  3. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

კომენტარები