რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ-მ გამოაქვეყნა რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის აპრილის წარუმატებელი შეთანხმების გეგმა

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, 2022 წლის მარტი, სტამბოლი, თურქეთი
Reuters

1-ელ მარტს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა რუსეთსა და უკრაინას შორის წარუმატებელი სამშვიდობო შეთანხმების გეგმის დეტალები. შეთანხმების დეტალები 2022 წლის აპრილში განიხილებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მარტის ბოლოს სტამბოლში მოლაპარაკებების მიზნით შეხვდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ვრცელი მონახაზი აქამდე გასაჯაროვდა, სრული 17-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც The Wall Street Journal-მა ნახა, არ გამოქვეყნებულა.

WSJ-ს გასაჯაროებული დოკუმენტი 2022 წლის 15 აპრილით თარიღდება, ანუ ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, ჯონსონს რუსეთის ხელისუფლება შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს.

შეთანხმების პროექტი მოიცავდა უკრაინის ვალდებულებას, უარი ეთქვა NATO-ში გაწევრიანებაზე და ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნებაზე. ამასთან, დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის ვალდებულებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების აკრძალვის შესახებ.

დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ უკრაინა გადაიქცეოდა "მუდმივ ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომელიც არ მონაწილეობს სამხედრო ბლოკებში" და აეკრძალებოდა ქვეყანას შეიარაღებული ძალების აღდგენა.

უკრაინასთან ხელშეკრულების პროექტი მოიცავდა უცხოური იარაღის აკრძალვას, "ნებისმიერი ტიპის სარაკეტო იარაღის, შეიარაღებული ძალებისა და ფორმირებების ჩათვლით". გარდა ამისა, საუბარი იყო უკრაინის არმიის ზომის შემცირებაზეც, მაგრამ მხარეებს განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, თუ რა ზომამდე უნდა შემცირებულიყო. მოსკოვს სურდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყოლოდა მხოლოდ 85 000 სამხედრო, 342 ტანკი და 519 საარტილერიო იარაღი. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულ დელეგაციას 250 000 სამხედრო, 800 ტანკი და 1 900 საარტილერიო იარაღი სურდა. ამასთან, რუსეთის სურვილი იყო, უკრაინული რაკეტების დიაპაზონი 40 კილომეტრამდე შემცირებულიყო.  

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა ანექსირებული ყირიმის შენარჩუნებას რუსეთის კონტროლის ქვეშ, უკრაინის მიერ მასზე სუვერენიტეტზე ფორმალური უარის თქმის გარეშე. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილების მომავალი, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების დროს უნდა განსაზღვრულიყო. დოკუმენტში არ იყო საუბარი რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების სტატუსზე.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას წარუდგინა რიგი სხვა მოთხოვნები, რომლებსაც უკრაინა არ დაეთანხმა. ეს ეხებოდა უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური გამოყენების გაფართოებას, უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე უარის თქმას და ყველა სანქციების გაუქმებას.

ამასთან, ხელშეკრულების გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ უცხო ქვეყნები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი. ამ ქვეყნებს დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, დაეცვათ უკრაინის ნეიტრალიტეტი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. მაგრამ სანამ ხელშეკრულება იარსებებდა, ამ ქვეყნებს მოეთხოვებოდათ "შეეწყვიტათ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც შეუთავსებელი იქნებოდა უკრაინის მუდმივ ნეიტრალიტეტთან", მათ შორის, ორმხრივი სამხედრო დახმარების დაპირებების ჩათვლით. უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები არ გავრცელდებოდა ყირიმსა და სევასტოპოლზე.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად გადაუჭრელი რჩებოდა სხვა საკითხები, მათ შორის ის, თუ რა მოხდებოდა რუსეთის მიერ უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში. რუსეთს სურდა, რომ ყველა გარანტორი სახელმწიფო ერთიან პასუხზე შეთანხმებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა თუ თავად რუსეთი, როგორც ერთ-ერთი ასეთი გარანტორი სახელმწიფო, იქნებოდა აგრესორი. 

უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს სურდათ ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვა, რაც გარანტორი ქვეყნებისგან აკრძალული საჰაერო ზონების დაწესებასაც მოითხოვდა და გარანტიების იარაღის მიწოდების შესახებ. ეს იყო პუნქტი, რომელიც რუსეთმა არ დაამტკიცა.

გარდა ამისა, რუსეთს სურდა ბელარუსის დამატება სურდა გარანტორი სახელმწიფოების სიაში, უკრაინას კი - თურქეთის.

WSJ-ის ცნობით, მოლაპარაკებები მოგვიანებით Zoom-ის პლატფორმაზე 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდა და უკრაინის ინიციატივით შეჩერდა. მოსკოვი ადრე აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები აპრილში დასრულდა.

ამასთან, გასული წლის ნოემბერში უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ 1+1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალების შესახებ. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას NATO-ზე უარის თქმისა და ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ ომის დასრულებას სთავაზობდა. არახამიამ შეთავაზებაზე უარი ახსნა იმით, რომ NATO-სკენ სწრაფვა უკრაინის კონსტიტუციაშია გაწერილი და, ამას გარდა, რუსეთს არ ენდობოდნენ.

არახამიამ დაამატა, რომ, როდესაც სტამბულის მოლაპარაკებებიდან დაბრუნდნენ, კიევს დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ეწვია და ურჩია, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და "უბრალოდ ებრძოლათ". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მოლაპარაკებების შესახებ იცოდნენ და ნანახი ჰქონდათ შეთანხმებების შავი ვერსიები, თუმცა ისინი გადაწყვეტილებას უკრაინის ნაცვლად არ იღებდნენ და მათ მხოლოდ რჩევების მიცემა შეეძლოთ.

კომენტარები