რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: მზად ვართ ИЛ-76-ის ჩამოვარდნისას დაღუპული უკრაინელი ტყვეების ცხედრების გადასაცემად

2024 წლის 24 იანვარს ჩამოგდებული Ил-76-ის ნამსხვრევები
Ria Novosty

რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, რუსული მხარე მზად არის უკრაინას გადასცეს Ил-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ტყვეების ცხედრები.

მოსკალკოვა ამბობს, რომ "ცხედრების გადაცემისთვის ყველა საჭირო პროცედურა შემუშავებულია" და კონტაქტი აქვს უკრაინულ მხარესთან, რომელიც "სხეულების გადაცემით არის დაინტერესებული".

"აქამდეც მითქვამს, რომ გვაქვს ყველა მტკიცებულება და დნმ, რომელიც დაღუპულთა იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა". – ამბობს მოსკალკოვა.

გამოცემა Украинская Правда დაუკავშირდა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელს, ანდრეი იუსოვს. 

"ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მიმდინარეობს გამოძიება, ვცდილობთ დავადგინოთ, რა მოუვიდა თვითმფრინავს და რეალურად ვინ იმყოფებოდა კატასტროფის მომენტში ბორტზე. საკითხზე საუბარს მაშინ შევძლებთ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება". – თქვა იუსოვმა.

2024 წლის 24 იანვარს, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 საჰაერო იერიშის შედეგად ჩამოვარდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი გადმოჰქონდა. რუსული მხარის მტკიცებით Ил-76-ის ბორტზე ათობით უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა.

კომენტარები