საპარლამენტო არჩევნები სერბეთში

ეუთო: სერბეთში ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა

ეუთოს შეფასებით, სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.

"არჩევნები გამოირჩეოდა მკაცრი რიტორიკით, მმართველი პარტიის სისტემური უპირატესობით, მედია საშუალებების მიკერძოებულობით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლითა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით". - წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის პროცესი "პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული იყო, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".

გარდა ამისა, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ დაფიქსირდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების ფაქტები.

8 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სერბეთში გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

სერბეთის პრემიერმინისტრის, ანა ბრნაბიჩი თქმით, არჩევნები ლეგიტიმური იყო და შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ბელგრადი არ დაუშვებს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება.

2023 წლის 17 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა, რასაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტების თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და შედეგები სერბეთის მოქალაქეების არჩევანს არ ასახავს.

კომენტარები