დიდი ბრიტანეთი

ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონი ორ თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა

samaa.tv

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი შობის შემდეგ ორ თვეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. 17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ასევე საავადმყოფოში მოხვდა დიდი ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ III, რომელსაც გადიდებული პროსტატის გამო ასევე სამედიცინო მანიპულაცია დასჭირდა. მეფე ჩარლზი მალევე მუშაობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდა და მათ შორის განაგრძო ყოველკვირეული შეხვედრები პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან. ქეით მიდლტონი ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა. 

ამას გარდა, ბოლო ორი თვის მანძილზე პრინცი უილიამი სულ უფრო იშვიათად ჩანს საჯარო ღონისძიებებზე. რამდენიმე დღის წინ ის არ დაესწრო დაგეგმილ მემორიალურ ცერემონიას, რომელიც მისი ახლახან გარდაცვლილი ნათლიის ხსოვნას ეძღვნებოდა. პრინცი უილიამის ამ გადაწყვეტილების მიზეზად "გაუმჟღავნებელი პირადი საკითხი" დასახელდა. ამ ფაქტმა გაზარდა საზოგადოების ინტერესი ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ. სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა People-ს უთხრა, რომ ქეით მიდლტონი კარგადაა. 

სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. 

ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა. ესპანელმა ჟურნალისტმა კონჩა კალეხამ თქვა, რომ სასახლესთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ უელსის პრინცესას ოპერაციის შემდგომ სერიოზული გართულებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებს გადამწყვეტი ზომების, კერძოდ ხელოვნურად გამოწვეული კომის, მიღება დასჭირდათ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. სასახლემ ესპანელი ჟურნალისტის ამ ინფორმაციას "სრული სიცრუე" და "აბსურდი" უწოდა. 

კომენტარები