საფრანგეთი

მაკრონის ვიზიტის დროს სოფლის მეურნეობის გამოფენაზე უკმაყოფილო ფერმერები შეიჭრნენ

AP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე ფერმერები შეიჭრნენ. ფერმერები გარემოსდაცვით რეგულაციებს, მაღალ ფასებსა და ბიუროკრატიას აპროტესტებდნენ და მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.

პროტესტების გამო გამოფენის საჯარო გახსნა, სულ მცირე, ერთი საათით დაგვიანდა. 

ვიზიტის დროს მაკრონმა და პროტესტის მონაწილეებმა სპონტანურად კამათი დაიწყეს, რასაც ფრანგული სატელევიზიო არხები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. 

პროტესტის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. შედეგად, პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა და 8 პოლიციელი დაშავდა

"ამას ყველა ფერმერისთვის ვამბობ: სტენდების დამტვრევით არცერთ თქვენს კოლეგას არ ეხმარებით, არცერთ თქვენს კოლეგას არ ეხმარებით იმით, რომ შოუს შეუძლებელს ხდით და, გარკვეულწილად, ოჯახებს შეშინებულებს ხდით, რომ მოვიდნენ". - თქვა მაკრონმა პროფკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

გამოფენის დაწყებამდე, მაკრონი ფერმერთა პროფკავშირის ლიდერებს შეხვდა, რომლებმაც მწვანე რეგულაციებზე, ბიუროკრატიასა და მაღალი ფასებზე ილაპარაკეს. 

Reuters-თან საუბრისას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ მაკრონის ვიზიტისგან არაფერს ელოდა. 

"ეს ჩვენი სახლია, ის კი CRS-ით (რედ. - უსაფრთხოების რესპუბლიკური რაზმები) გვესალმება". - თქვა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ Reuters-თან საუბრისას.

მანამდე, მაკრონს ეროვნული მასშტაბის დებატების მოწყობა სურდა, რომელშიც ფერმერები, კვების მრეწველები და საცალო მოვაჭრეები მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს გეგმა გააუქმა. 

მაკრონის თქმით, გამოფენის დასრულებიდან 3 კვირაში ფერმერთა პროფკავშირის წარმომადგენლებსა და სხვა მნიშვნელოვან ფიგურებს ელისეის სასახლეში შეხვდება.

ფრანგმა ფერმერებმა თებერვლის თვის დასაწყისში დროებით მეტწილად შეაჩერეს პროტესტები, მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი უკმაყოფილო ფერმერებს ინდუსტრიის დახმარებას დაჰპირდა. თუმცა, მთავრობაზე ზეწოლის მიზნით პროტესტები ამ კვირაში გაგრძელდა, რათა რეფორმები დროულად გაატარონ. 

რას აპროტესტებენ ევროპელი ფერმერები მთელ კონტინენტზე

ევროკავშირის ქვეყნებში, თითქმის მთელ კონტინენტზე ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

გამოსვლების ზოგიერთი მიზეზი, მაგალითად გერმანიის გეგმა სასოფლო-სამეურნეო დიზელზე საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ, ან ნიდერლანდებში აზოტის გამონაბოლქვის შემცირების მოთხოვნა, კონკრეტულია თითოეული ქვეყნისთვის. მაგრამ არაერთი პრობლემა ყველა ევროპელი ფერმერისთვის საერთოა. კონტინენტის მასშტაბით ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (რომელიც თეორიულად მიზნად ისახავს კლიმატის დაცვისთვის საჭირო ზომების შემოღებას) ფარგლებში ფერმერებზე დაწოლილ ტვირთს, იაფ იმპორტულ პროდუქტთან კონკურენციის სირთულეს, დიდ მოთამაშეებზე მორგებული სუბსიდირების სისტემას და ა.შ. 

მეორე მხრივ, მაგალითად, პოლონეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში ფერმერებს ძირითადად ევროკავშირის რეგულაციები და იაფ იმპორტთან კონკურენცია ადარდებთ, გერმანიაში პრობლემა ტექნიკაზე დაწესებული გადასახადებია, რუმინეთსა და საბერძნეთში ძირითადი პროტესტი მიმართულია EU-ს საერთო აგრარული პოლიტიკის გადასახადებისკენ.

ფერმერები მთელს ბლოკში იზიარებენ და ხაზს უსვამენ პრობლემას, რომ გაიზარდა ფასები ენერგოპროდუქტებზე, სასუქებსა და ტრანსპორტზე, რაც მათი წარმოების ხარჯებს ზრდის. ამასთან, მთავრობები ინფლაციის ფონზე ცდილობენ შეაჩერონ სურსათზე ფასების ზრდა, რაც ასევე ახალისებს იაფ იმპორტს. 

იაფ იმპორტულ პროდუქტებთან კონკურენციაც პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ევროპელ ფერმერებს პროდუქტის წარმოება ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების პირობებში უწევთ, რაც წარმოების ფასს ზრდის. ბაზარზე გატანის დროს მათ კონკურენციის გაწევა უწევთ იმპორტულ პროდუქტთან, რომელიც ევროკავშირის მსგავსი მკაცრი რეგულაციების პირობებში არაა ნაწარმოები და შესაბამისად, უფრო იაფია.

    კომენტარები