კრიმინალი

მამის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტვ პირველი

მამის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - საქმე ეხება თბილისში, გლდანში 23 თებერვალს მომხდარ მკვლელობას. 

საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამა ცივი იარაღით დაჭრა.

"მას შემდეგ, რაც დარტყმის სიმძლავრიდან გამომდინარე დანა გატყდა, ბრალდებული სამზარეულოში გავიდე მეორე დანის ასაღებად და ამ დროს უკვე მას ხელი შეუშალა არასრულწლოვანმა დამ და გადაეღობა მას. ეს ინფორმაცია, რაც გულისხმობს ბრალდებულის მიერ დანის მეორეჯერ აღებას და გადაადგილებას მამის მიმართულებით, დასტურდება არასრულწლოვნის ჩვენებით" - ამბობს პროკურორი. 

პროკურატურის ინფორმაციით, 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები