აშშ

ბაიდენმა დაიტრაბახა, რომ უზენაესის გადაწყვეტილების მიუხედავად, სტუდენტური სესხები გაანულა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

ოთხშაბათს, 21 თებერვალს ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში, კალვერ სიტიში მდებარე დიქსონის ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას დაიტრაბახა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რის გამოც თავდაპირველად პროგრამა ვერ ამოქმედდა, ის ვერ შეაჩერა, სტუდენტებისთვის სესხები გაენულებინა.

"ჩემი ვადის დასაწყისშივე გამოვაცხადე მნიშვნელოვანი გეგმა მილიონობით მშრომელი ოჯახისთვის სტუდენტურ სესხებზე შეღავათთან დაკავშირებით... მაგრამ ჩემი MAGA რესპუბლიკელი მეგობრები კონგრესში, არჩეული თანამდებობის პირები და სპეციალური ინტერესების წარმომადგენლები ჩაერივნენ, გვიჩივლეს და უზენაესმა სასამართლომ ის დაბლოკა. მაგრამ ამან არ შემაჩერა". - თქვა ბაიდენმა.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა პრეზიდენტ ბაიდენის გეგმა მილიარდობით დოლარის სტუდენტური სესხის ვალის გაუქმების შესახებ, მსესხებლები ფიქრობდნენ, თუ როგორ შეასრულებდა ის თავის დაპირებას, ვალების განულებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებდა.

21 თებერვალს ბაიდენმა $1.2 მილიარდის ღირებულების სტუდენტური სესხები გაანულა. მისი მმართველობის პირობებში, საერთო ჯამში, უკვე 3.9 მილიონ მსესხებელს $138 მილიარდის სესხები გაუნულდა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ შორსაა მისი თავდაპირველი გეგმისგან, რომელიც 43 მილიონი მსესხებლისთვის 400 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალის ჩამოწერას ითვალისწინებს.

კომენტარები