რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: უნგრეთმა დაბლოკა EU-ს განცხადება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გავრცელებულიყო

Olivier Matthys/EPA

როგორც გამოცემა POLITICO ანონიმურ დიპლომატიურ პირებზე დაყრდნობით წერს, განცხადება, რომელიც მთლიანი EU-ს სახელით უკრაინას ურყევ მხარდაჭერას ჰპირდებოდა, უნგრეთმა დაბლოკა. 

გამოცემის თანახმად, უნგრეთმა განცხადებას მხარი არ დაუჭირა, რადგან რაკეტების ხსენების გამო თავდაცვის შესახებ ნაწილი არ მოეწონა. წევრმა ქვეყანამ ასევე ახლო აღმოსავლეთის შესახებ EU-ს დუმილი გააკრიტიკა. 

განცხადება ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოამზადა. გამოცემის მიერ ნანახ მეილში წერია, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის "კონსენსუსის არარსებობის" ფონზე, განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას, მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით გავრცელდებოდა. 

განცხადების ეს ვერსია 23 თებერვალს გამოქვეყნდა

"ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერ და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი, ხალხი, ქალაქები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, აღადგინოს ტერიტორიული ერთიანობა, დააბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი". - წერია მიშელის, ლაიენისა და მეცოლას სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი უკრაინას წევრობის გზაზე დაეხმარება და მას ომის განმავლობაში საბრძოლო მასალას და რაკეტებს გადასცემს. 

"ევროკავშირმა გადაწყვიტა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს და EU-ს წევრობის გზაზე დაეხმარება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. [...] გავაგრძელებთ უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალისა და რაკეტების გადაცემას". - წერია განცხადებაში.

კომენტარები