რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Ще не вмерла Україна – ორი წელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Ще не вмерла Україна – ორი წელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან

ბოლო თვეებში უკრაინის ფრონტზე მძიმე სიტუაციაა. ამას აღიარებს ყველა, დასავლელი ლიდერებით დაწყებული - უკრაინელი პოლიტიკოსებით დასრულებული. სიტუაცია არც შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არის მარტივი. ცხადია, რომ საშინაო დაპირისპირება არსებობს. თუმცა, ამ ყველაფერზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ პროგნოზების მიხედვით, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ, ომის დაწყებამდე გვესმოდა, ეს პრობლემები 2 წლისთავზე არ უნდა არსებულიყო - არ უნდა არსებულიყო რა დამოუკიდებელი უკრაინა ამავე პროგნოზების მიხედვით.

2022 წლის თებერვალში მედიებისა და ექსპერტების ნაწილი განგაშის ზარს სცემდნენ, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, კიევი 3 დღეში დაეცემოდა. ამ შეფასებას ამძაფრებდა  ემოციური ფონი, რაც იქამდე ერთი წლის ადრე ავღანეთში მომხდარმა მოვლენებმა შექმნა, როცა ქაბული თალიბანის ხელში წინააღმდეგობის გარეშე ჩავარდა და ავღანეთის შეიარაღებული ძალები, რომელსაც აშშ და დასავლეთი წლების განმავლობაში წვრთნიდნენ, ერთ დღეში ჩამოიშალა. კიევის 3 დღეში დაცემის იმედი, ალბათ, თავად პუტინსაც ჰქონდა. თითქოს საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი თავადვე გახდა და დაიჯერა, რომ უკრაინელი ხალხი ოკუპანტებს სიხარულით დახვდებოდა და ხელისუფლებას განუდგებოდა. ჰქონდა იმედი, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს, ე.წ. “ნოვოროსიას” რამდენიმე დღეში დაიკავებდა, კიევში კი მარიონეტულ რეჟიმს დასვამდა.

წინასწარმეტყველებები ცრუ გამოდგა. უკვე მეორე წელი შესრულდა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები კი კატასტროფულად იზრდება. ცხადია, არც უკრაინელების დანაკარგებია მცირე, თუმცა, სამშობლოს დაცვა ძვირი ღირს. მოლოდინები არათუ არ გამართლდა, არამედ ომის პირველ თვეებში ვიხილეთ როგორ შერცხვა “მსოფლიოს მეორე არმია” ბრძოლის ველზე. ომის პირველ დღეებში უკრაინელებმა დასავლელ პარტნიორებს აჩვენეს, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ და მათი შეიარაღება, დაფინანსება მორიგი უნაყოფოდ დახარჯული რესურსი არ იქნებოდა. მაგრამ, როგორც მეორე წელს გამოჩნდა, ოკუპანტებსაც შესძლებიათ შეცდომებზე სწავლა. ფრონტის ხაზზე ვითარება გართულდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ შეიარაღება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ახალი სტრატეგიის დასახვა.

ამ ორი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე შეძლეს ფრონტის გარღვევა, რასაც ბევრი ბოლო 12 თვეშიც ელოდა, მაგრამ აღარ მომხდარა. პირველი მნიშვნელოვანი დავალება, რაც უკრაინელმა სამხედროებმა შეასრულეს, კიევის მიმართულების დაცვა იყო. დედაქალაქი, რომელიც 3 დღეში უნდა დაცემულიყო, თავისუფალი დარჩა. 2022 წლის აპრილში რუსეთმა საკუთარი ძალები ამ მიმართულებიდან გაიყვანა. დღეს ამ გადაწყვეტილებას მოსკოვში იმით ამართლებენ, თითქოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად გამოჩენილი კეთილი ნება იყო. თუმცა, ცხადია, რომ კრემლი შოკირებული და დაბნეული რჩებოდა ფაქტით, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მსგავსი წინააღმდეგობა შეძლეს და რუსეთის ყველაზე კარგად გაწვრთნილ და გამოცდილ ქვედანაყოფებს კიევის მიმართულებით დიდი ზიანი მიაყენეს.

განსაკუთრებით იმედისმომცემი კი სექტემბრის კონტრიერიშები იყო, როცა უკრაინელებმა გაათავისუფლეს ხერსონის დასავლეთ ნაწილი და თითქმის სრულად აღადგინეს კონტროლი ხარკოვის ოლქზე. ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაცია სულაც არ იყო შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს ამ ტერიტორიების ნაწილი უკვე რუსეთის კუთვნილებად, “ახალ რეგიონებად” ჰქონდა გამოცხადებული.

თუმცა, დადგა ომის პირველი ზამთარი. ამინდის გაუარესებამ ბრძოლის ველზე მოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. ორივე მხარე პასიურ სტრატეგიაზე გადავიდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით ცხელ წერტილს წარმოადგენდა ქალაქი ბახმუტი, სადაც რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა ქალაქის დაგვიანებულმა დატოვებამ უკრაის შეიარაღებულ ძალებსაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2023 წლის ზამთრის შემდეგ მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები აღარ მომხდარა, თუმცა, გამოზამთრების შემდეგ, მოხდა დრამატული მოვლენები. თავდაპირველად უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში, რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე რეიდები მოაწყო, რამაც ფედერაციას კიდევ ერთი სირცხვილი აჭამა და აჩვენა, რომ საზღვრები ფაქტობრივად დაუცველი იყო. უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა კი წინ იყო. სწორედ ამ პერიოდში, როცა ქალაქ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, კსკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა წამოიწყო კამპანია, რომელიც საბოლოოდ ივნისის აჯანყებით დასრულდა. თუმცა, უშედეგოდ. 2 თვეში კი პრიგოჟინმა სიცოცხლეც დაასრულა. მაგრამ ეს მოვლენა ბევრს მეტყველებდა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო კრემლის რეჟიმი. ამბოხების მცდელობის შემდეგ პუტინმა უფრო ხშირად დაიწყო საჯაროდ გამოჩენა, შეუდგა იმიჯზე ზრუნვას, მაგრამ მსგავსი შემთხვევის შემდეგ, სავარაუდოდ, ის საკუთარ ძალოვან სტრუქტურებზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდებოდა.

ამ მოვლენების პარალელურად, ყველა ელოდა უკრაინის ზაფხულის კონტრიერიშს, რომლის დაწყებაც დასავლეთის მიერ შეიარაღების ნელი ტემპით მიწოდების გამო საგრძნობლად გაჭიანურდა. ხოლო როცა მოქმედებები დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ვეღარ ვიხილავდით ისეთ გარღვევას, როგორიც 2022 წლის სექტემბერში მოხდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ 14 სოფელი გაათავისუფლეს. როგორც აღმოჩნდა, ზამთარი კარგად გამოიყენა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს იანვრის დასაწყისამდე მეთაურობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ოკუპანტები აშენებდნენ თავდაცვითი ბარიერების ქსელს, რომელიც შემდეგში სუროვიკინის ხაზის სახელით გახდა ცნობილი. წინაღობა რამდენიმე ბარიერისგან შედგებოდა და უკრაინელებმა მისი საბოლოო გარღვევა ვერ შეძლეს. პარალელურად, ჩანდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა. მოქმედებებს აფერხებდა ავდიივკის მიმართულებაც, სადაც ოკუპანტები საკუთარ ძალებს საზარბაზნე ხორცივით გზავნიდნენ მანამ, სანამ 2024 წლის თებერვალში უკრაინელები დასახლებიდან არ გამოვიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის კონტრიერიში ჩავარდა, რაც გასაკვირი არც არის. მოლოდინებთან დაკავშირებით უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მართებულად ამბობდა, რომ ომი ჰოლივუდის ფილმი არაა. 2023 წლის ზამთარში ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ინიციატივა მოწინააღმდეგე მხარეს გადადიოდა და ეს ამ პერიოდში გაჩენილი პრობლემების ნახევარი თუ იქნებოდა.

თანდათან, 2023 წლის დასასრულისკენ ცხადი გახდა, რომ უკრაინაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება არსებობდა. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით იკვეთებოდა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს სიტყვებში. ის ვოლოდიმირ ზელენსკის, ომის პირველი დღეების გმირის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო. ომის გმირებს რაც შეეხება, დაიწყო საუბარი უკრაინულ საზოგადოებაში განსაკუთრებით პოპულარული ვალერი ზალუჟნის გადაყენებაზეც. საბოლოოდ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის ოლეკსანდრ სირსკიმ ჩაანაცვლა. პოლიტიკურ სირთულეებს დაემატა საგარეო დახმარების მნიშვნელოვანი შეფერხება და მსოფლიოს ყურადღების სხვა მიმართულებით გადანაცვლებაც. ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ, რასაც 1 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა და იერუსალიმის საპასუხო მოქმედებებმა უკრაინას მთავარი სცენა, რომელსაც წელზე მეტ ხანს იკავებდა, წაართვა. ამას გარდა, მოვლენების საკუთარი პროპაგანდის სასიკეთოდ გამოყენების შანსი კრემლმა ხელიდან არ გაუშვა. პარალელურად, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ ამერიკა ორივე ქვეყნის დახმარებას შეძლებდა. თუმცა მალე სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გაჩნდა სადავო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისა და უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების გარდა, მოიცავდა აშშ-ს სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების გეგმებს, რომლებიც დემოკრატებს არ აკმაყოფილებდათ და მათ გამკაცრებას ითხოვდნენ. განხილვა თვეების განმავლობაში გაჭიანურდა. ამ კანონპროექტზე საუბრისას გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში 2024 არჩევნების წელია, სასაზღვრო კონტროლის თემა კი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები ბოლო თვეებში აღარ ერიდებიან ხმამაღლა თქვან, რომ ვითარება მძიმეა. დღეს, 2024 წლის 24 თებერვალს კიევს მოკავშირეების მიერ გადაცემული ავიაგამანადგურებელი F-16-ები არ მიუღია და კვლავ ამბობენ, რომ პილოტები წვრთნებს მალე დაასრულებენ. აშშ-ს კვლავ არ გადაუდგამს უკრაინის შორი მანძილის რაკეტებით, ATACMS-ებით მომარაგების ნაბიჯიც. გერმანია კვლავ არ ჩქარობს Taurus-ების რაკეტების გადაცემას. ამ ყველაფრის პარალელურად კი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, რომ დასავლეთს ომით გადაღლის სინდრომი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რას აცხადებენ ცალკეული ლიდერები. გაბედული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, დასავლელი ლიდერები, გააზრებით თუ გაუაზრებლად, ადგანან გზას, რომელიც კონფლიქტს, საუკეთესო შემთხვევაში, გაყინვამდე მიიყვანს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ცხადი ხდება, რომ პუტინს თავდაჯერება ემატება. მართალია მან ვერ მიიღო ის, რაც სურდა, თუმცა გამოვიდა იმ შოკისა და დაბნეულობისგან, რომელიც მას გასულ წელს ბოჭავდა. 

თუმცა, დღევანდელ ვითარებაში კონფლიქტის შეწყვეტა, მოხდება ეს უბრალო გაყინვით, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე შეთანხმებით, პრობლემას ოდნავადაც ვერ გადაჭრის. მხოლოდ გააუარესებს. ომის შეჩერება დღევანდელ საზღვრებში ნიშნავს რუსეთისთვის ამოსუნთქვის საშუალებას, გაძლიერებისთვის დროის მიცემას იქამდე, სანამ კონფლიქტს არ განაახლებენ. ამ სცენარის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ის ფაქტია, რომ მოსკოვი საკუთარ ახალ რეგიონებად აცხადებს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, რომლებზეც კონტროლი სრულად არ დაუმყარებია. გასულ დღეებში კი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, რომელიც ბოლო პერიოდში ვლადიმირ ჟირინოვსკის როლშია შეჭრილი, ოდესისა და კიევის ოკუპაციაზეც საუბრობდა. რუს მაღალჩინოსნებს დაუბრუნდათ თავდაჯერება. ამიტომაც ამბობს პუტინი, რომ საუბრისთვის მზადაა, რადგან იცის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ამჟამად უკრაინაზე ძლიერი პოზიცია ექნება.

ყველა ფაქტორი იმას მიუთითებს, რომ, მსხვერპლის მიუხედავად, ომის ახლა შეჩერება მომგებიანი მხოლოდ რუსეთისთვის იქნება. თავდასხმა, რომელსაც მოსკოვი 5 თუ 10 წლის შემდეგ დაგეგმავს იმაზე ბევრად უფრო მომზადებული იქნება, ვიდრე 2022 წლის 24 თებერვალს იყო. ასევე, ახლო მომავალში ფრონტზე ვეღარ ვიხილავთ ისეთ გარღვევებს, რისი მომსწრეც წლინახევრის წინ, სექტემბერში ვიყავით. ახლა უკრაინელებიც და რუსებიც თავდაცვით ხაზებს ამაგრებენ. თუმცა, გარკვეული ცვლილებების ხილვა შესაძლებელი გახდება, თუ კიევი საჭირო შეიარაღებას სწრაფად მიიღებს. სიტუაციას მხოლოდ ახალი მთავარსარდლის დანიშვნა ვერ გამოასწორებს, ახალი სტრატეგიისთვის საჭიროა ახალი შეიარაღებაც. სწორედ ამიტომ, უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია ახლა, როცა ქვეყანა სრულმასშტაბიან ომშია ჩართული. დასავლეთს დასაკარგი დრო არ აქვს.

 
 

კომენტარები