გვინეა-რუსეთი

გვინეის ხუნტამ რუსეთის საელჩოს გაფრთხილებას ქვეყანაში არეულობის შესახებ პროტესტით უპასუხა

გვინეის ხუნტის ლიდერი, პოლკოვნიკი მამადი დუმბუია
AFP

გვინეის სამხედრო ხუნტამ პროტესტი გამოთქვა რუსეთის ელჩის, ალექსეი პოპოვის მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთის საელჩომ ქვეყნის დედაქალაქ კონაკრიში შესაძლო არეულობის შესახებ განცხადება გაავრცელა

რუსეთის საელჩომ გაფრთხილება მას შემდეგ გასცა, რაც ხუნტას ლიდერმა პოლკოვნიკმა მამადი დუმბუიამ ორშაბათს, 19 თებერვალს დაითხოვა მთავრობა და ყველა საზღვრის დახურვის ბრძანება გასცა.

პოლკოვნიკმა დუმბუიამ, რომელმაც ძალაუფლება 2021 წლის გადატრიალების შედეგად აიღო, მთავრობა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა.

მან ასევე ბრძანა დათხოვნილი მინისტრებისთვის პასპორტების ჩამორთმევა და საბანკო ანგარიშების გაყინვა.

რუსეთის საელჩოს მიერ გვინეის დედაქალაქში შესაძლო არეულობის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ხუნტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა პოპოვი შეხვედრაზე დაიბარა.

როგორც გვინეის მედია წერს, რუსეთის ელჩმა ალექსეი პოპოვმა ბოდიში მოუხადა ხუნტას შექმნილი გაუგებრობის გამო.

"მე ავუხსენი, რომ ეს იყო გაუგებრობა, გამოქვეყნებული ინფორმაციის ცრუ თარგმანი. განცხადება გამოქვეყნდა მხოლოდ რუსულ ენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის". - გვინეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თქვა პოპოვმა, რომელმაც ასევე დაამატა, რომ ეს შემთხვევა გავლენას არ იქონიებს რუსეთ-გვინეის ურთიერთობებზე.

პოლკოვნიკმა დუმბუიამ პირობა დადო, რომ 2024 წლის ბოლომდე დემოკრატიული მმართველობის აღსადგენად არჩევნებს ჩაატარებს.

გვინეის ხუნტამ 2022 წელს აკრძალა ყველა დემონსტრაცია და დააკავა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

პოლკოვნიკმა დუმბუიამ 2021 წლის სექტემბერში დაამხო პრეზიდენტ ალფა კონდეს ხელისუფლება, რადგან "არმიას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა, ყოვლისმომცველი კორუფციის, ადამიანის უფლებების უგულებელყოფისა და ეკონომიკის არასწორი მართვის გამო".

კონდე იყო გვინეის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2010 წელს სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ.

ის ხელახლა აირჩიეს 2015 წელს, მაგრამ პროტესტი მოჰყვა ოთხი წლის შემდეგ, მესამე ვადით არჩევის მიზნით მის მიერ კონსტიტუციის ცვლილებას. 

კომენტარები