რუსეთი

BAZA: დააკავეს მეცხრეკლასელი, რომელმაც რუსეთის მმართველი პარტიის ოფისს მოლოტოვი ესროლა

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

მოსკოვის ოლქში რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის ერთ-ერთ ოფისს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მეცხრეკლასელი. 

როგორც BAZA წერს, შემთხვევა 16 თებერვალს, ქალაქ დოლგოპრუდნიში მოხდა. უცნობი პირი მივიდა რუსეთის მმართველი პარტიის ოფისთან და კარის ზემოთ გამოკრულ ბანერს ე.წ. მოლოტოვი კოქტეილები ესროლა. ხანძარი გამვლელებმა ჩააქრეს. ამის შემდეგ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ანონიმურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. ერთიანი რუსეთის პრესრელისში ნათქვამია, რომ ნიღბიანი პირი საკუთარ ქმედებას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე შურისძიებით ხსნიდა.

BAZA-ს წყაროების ცნობით, 20 თებერვალს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც მეცხრეკლასელი ვლადიმირ ჩ. აღმოჩნდა. სისხლის სამართლის საქმე "ხულიგნობის" მუხლით აღიძრა. ერთიანი რუსეთის მოსკოვის რეგიონული ფილიალის მდივნის მოადგილის, დენის პერეპელიცინის თქმით, "პარტია ცეცხლის გაჩენას ტერაქტად მიიჩნევს".

კომენტარები