რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ბლოგერმა, რომელიც ავდიივკაში დანაკარგებზე წერდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ანდრეი მოროზოვი

რუსმა ომის მხარდამჭერმა სამხედრო ბლოგერმა, ანდრეი მოროზოვმა, რომელიც გასულ დღეებში ავდიივკაში რუსეთის დიდ დანაკარგებზე საუბრობდა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა.

მოროზოვი ცნობილი იყო მურზის ზედმეტსახელით და ის უძღვებოდა ტელეგრამ-არხ Нам пишут из Янины-ის. არხს 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. წარსულში ის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "ეროვნულ მილიციაში" მსახურობდა, შემდეგ კი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა მე-4 ცალკეულ ბრიგადაში. 

18 თებერვალს მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთს უკრაინის ქალაქი ავდიივკის აღება 16 000 სამხედრო და 300 ერთეული ჯავშანტექნიკა დაუჯდა. მისმა პოსტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ზოგიერთ სხვა ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხსა და გადაცემა Соловьев LIVE-ის წამყვანებს შორის. მოროზოვმა პოსტი 20 თებერვალს წაშალა. სწორედ ამავე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ ავდიივკა "მინიმალური დანაკარგით" აიღეს.

სიკვდილის წინ მოროზოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი. მათგან ერთ-ერთში ის ირწმუნებოდა, რომ მას პოსტის წაშლა აიძულეს.

"დღეს, ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენი ბრძანებით მაიძულეს წამეშალა პოსტი ჩემი ტელეგრამ-არხი Нам пишут из Янины-იდან. თქვენ კი ამ ბრძანების გაცემა დაგაძალათ თქვენმა სარდლობამ, არმიის ძველი, კეთილი კოლექტიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. არ წაშლის - არ მოგაწოდებთ მომარაგებას, ჭურვებს, კოპტერებს, ახალ ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს." – წერდა მოროზოვი სიკვდილის წინ.

წერილში მოროზოვმა გააკრიტიკა პუტინის რეჟიმი და მისი პროპაგანდისტები.

"არსად გაქცევა არ მჭირდება. რუსეთი ჩემი სახლია, რომელიც ხელში ჩაიგდეს მტრებმა, მეთაურობის ტრა*ის მლოკავმა მსახურებმა, გენერლებმა, რომლებიც მზად არიან "გაწირონ" ათასობით ჯარისკაცი, მხოლოდ "გამორჩევისთვის", ჟურნალისტებმა, რომლებიც კარიერას ეკრანიდან ტყუილით იშენებენ." – წერდა მოროზოვი სავარაუდო თვითმკვლელობის წინ.

ანდრეი მოროზოვი "ნოვოროსიის დახმარების საკოორდინაციო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნაციონალურ-სტალინისტური ჯგუფი "წითელი ბლიცკრიგის" ყოფილი ლიდერია. 2008 წელს მან მოსკოვში ცეცხლი გაუხსნა რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის ოფისს, რის შემდეგაც 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2014 წელს ის უკრაინაში საომრად წავიდა.

კომენტარები