ოჯახში ძალადობა

საგამოძიებო: შსს-ს თანამშრომელი მეუღლეზე შვილების თანდასწრებით ძალადობის ფაქტზეა მხილებული

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზეა მხილებული. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. 

"2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავს ბრალდება, პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

კომენტარები