აშშ

ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აშშ რუსეთს ახალ, მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა, ხოლო შემდგომ სანქციების პაკეტის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა. 

ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს ნავალნის სიკვდილის და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო შემოიღებენ. ჯეიკ სალივანის თქმით, სანქციები შეეხება რუსეთის თავდაცვის და ინდუსტრიულ ბაზებს, ასევე რუსეთის ეკონომიკის შემოსავლის წყაროებს. 

Reuters-ი აშშ-ს მაღალი თანამდებობის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქციების პაკეტი უკვე მომზადებული იყო უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლისთავისთვის. ასევე, წყაროების მტკიცებით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის მდივანი, ბრაიან ნელსონი ამ კვირაში რუსეთისთვის ნავალნის სიკვდილის გამო დაწესებულ სანქციებს გერმანიის, ბელგიის და საფრანგეთის წარმომადგენლებთან განიხილავს. 

აშშ-ს რუსეთი აქამდე 2020 წელს ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ჰყავს დასანქცირებული. 

კომენტარები