რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს ყოფილი ელჩი ევროკავშირში: წუთითაც არ მჯერა, რომ ტრამპი უკრაინას მიატოვებს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს ყოფილი ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი
Pablo Martinez Monsivais/AP

ევროკავშირში აშშ-ს ყოფილი ელჩის გორდონ სონდლენდის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას არ მიატოვებს. სონდლენდმა ამის შესახებ Times Radio-ში ისაუბრა.

სონდლენდის თქმით, მას არ ჰგონია, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას მართლაც მიატოვებს: "სამწუხაროდ, მისი [ტრამპის] ძირითადი მხარდამჭერები ძალიან, ძალიან ძლიერად იზოლაციონისტები არიან, რის შედეგადაც, იმისთვის, რომ [რესპუბლიკური პარტიის] ნომინაცია მოიპოვოს... მას მათი გულის მოგება სჭირდება", - ამბობს სონდლენდი, მაგრამ "როცა ნომინაცია გარანტირებულია, იმაზე დაყრდნობით, რაც მე მისთვის ევროკავშირში ელჩობის პერიოდში ვიხილე, იგი უკრაინას არ მიატოვებს".

აშშ-ს ყოფილი ელჩი ასევე მიიჩნევს, რომ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთის მიმართ ისეთი მეგობრულები არ არიან, როგორც ამას აშშ-ში ძირითადი მედიასაშუალებები აშუქებენ.

NATO-ს შესახებ ტრამპის საკამათო განცხადებებზე საუბრისას სონდლენდი ამბობს, მისი აზრით ეს უბრალოდ "სულელური კომენტარები" იყო, რაცმ სონდლენდის თქმით, ტრამპსაც კარგად ესმის.

ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერს პრეზიდენტობის დროს უთხრა, რომ თუკი ისინი თავდაცვაზე საკმარის თანხას არ დახარჯავდნენ, აშშ უარს იტყოდა მათთვის დახმარების გაწევაზე. უფრო მეტიც, ტრამპის თქმით, იგი რუსეთს წააქეზებდა, "როგორც უნდა ისე მოიქცეს".

სონდლენდის თქმით, აუცილებელია, რომ დასავლეთმა პუტინი უკრაინაშივე შეაჩეროს, რასაც, მისი აზრით, უზარმაზარი პოლიტიკური ნება სჭირდება.

წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით, სონდლენდი იმედოვნებს, რომ ტრამპი "24 საათში პუტინს ულტიმატუმს წაუყენებს" და ეტყვის, რომ ან ომს შეწყვეტს, ან მოკავშირეები იარაღისა და დახმარების მიწოდებას გაზრდიან, და რუსეთისგან უკრაინას "გაწმენდენ".

"იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც მე მისი [ტრამპის] საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე ვიცი, როცა მას თანამდებობა ეკავა... მგონია, რომ იგი ამ მიმართულებით წავა. ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ იგი უკრაინას მიატოვებს". - ამბობს სონდლენდი.

კომენტარები