რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ რუტე ევროპას "ტრამპზე წუწუნის" შეწყვეტისა და თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ მოუწოდებს

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის მარკ რუტეს თქმით, ევროპამ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ "წუწუნი" უნდა შეწყვიტოს, ვინაიდან ევროპელები ვერ აკონტროლებენ იმას, თუ ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად.

ამის ნაცვლად, რუტე მიიჩნევს, რომ ევროპელმა ლიდერებმა არჩევნებში გამარჯვებულთან თანამშრომლობაზე უნდა იმუშაოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ის.

"ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ასე გვინდა, ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს გადამწყვეტია. მოდი მოვრჩეთ ტრამპზე იმ წუწუნს, რომელიც ბოლო დღეებში მესმის". - თქვა რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ზე საუბრისას განაცხადა, რომ  იგი რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერს პრეზიდენტობის დროს უთხრა, რომ თუკი ისინი თავდაცვაზე საკმარის თანხას არ დახარჯავდნენ, აშშ უარს იტყოდა მათთვის დახმარების გაწევაზე. უფრო მეტიც, ტრამპის თქმით, იგი რუსეთს წააქეზებდა, "როგორც უნდა ისე მოიქცეს".

რუტეს თქმით, ტრამპის დაბრუნება-არდაბრუნების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში ევროპა უფრო მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და სამხედრო მასალების წარმოებას უნდა ზრდიდეს. ხოლო უკრაინას უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს, რადგან ეს ევროპის ინტერესებშია.

2023 წლის ივლისში ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტემ თქვა, რომ ნიდერლანდებში მომავალი არჩევნების შემდეგ პოლიტიკას დატოვებდა და მმართველი კოალიციის დაშლა გამოაცხადა. იგი ნიდერლანდების პრემიერმინისტრის პოსტზე მანამ დარჩება, სანამ 2023 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალი კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდება.

არსებობს ვარაუდი, რომ პრემიერობის შემდეგ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე განიხილავენ, რასაც თავად რუტეც არ გამორიცხავს. NATO-ს მიმდინარე გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, პოსტს 2024 წლის ოქტომბერში დატოვებს.

კომენტარები