რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავდიივკა შეიძლება მალე რუსეთმა დაიკავოს, უკრაინას ჭურვები უთავდება – თეთრი სახლი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ავდიივკაში კრიტიკული სიტუაციაა და იქ შეიძლება მალე რუსებმა კონტროლი დაამყარონ. 

"სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ სიტუაცია იქ კრიტიკულია. რადგან რუსები ყოველდღიურად აგრძელებენ უკრაინელების პოზიციებზე ზეწოლას, არის საფრთხე, რომ ავდიივკა რუსეთის კონტროლში გადავა". - თქვა კირბიმ.

კირბის თქმით, ეს მნიშვნელოვნადაა კავშირში იმასთან, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვები არ გააჩნია, ხოლო რუსეთს ცოცხალი ძალის მხრივ უპირატესობა აქვს. სპიკერმა წარმომაგენელთა პალატას მოუწოდა, უკრაინის დაფინანსება რაც შეიძლება მალე წარადგინოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, "რაც დღეს ავდიივკაში ხდება, სავსებით შეიძლება ფრონტის სხვა ადგილებშიც მოხდეს". 

"რამდენადაც კონგრესს დღემდე არ მიუღია დამატებითი კანონპროექტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვები მიგვეწოდებინა, რომლებიც მას აუცილებლად სჭირდება, რათა ეს რუსული თავდასხმები ჩაშალოს. ახლა რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელების სანგრებს მიაღწიეს, ფაქტობრივად ავდიივკაში და უკრაინის თავდაცვის ჩახშობას იწყებენ". - თქვა კირბიმ. 

მანამდე, The Washington Post-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის საჰაერო-სამხედრო ძალებმა (ВСУ) ქალაქიდან მეომრების ნაწილობრივი გაყვანა დაიწყეს. მათ გამოცემასთან საუბრისას თქვეს, რომ ავდიივკის დაკარგვა "დროის საკითხია".

უკრაინული მხარისთვის ქალაქის უკანასკნელ თავდაცვის წერტილად შეიძლება კოქსქიმიური ქარხანა იქცეს. 

უკრაინული Telegram არხის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ავდიივკიის ჩრდილოეთსა და სამხრეთისკენ გადაადგილდებიან. 

პრორუსული Telegram არხების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში რიგ პოზიციებზე კონტროლი უკვე დაკარგეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა ავდიივკაში მთავარი შესასვლელი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილი, გამაგრებული რაიონი Зенит-ი, აიღეს.

კომენტარები