აშშ

კანზას-სიტიში სუპერ ბოულის გამარჯვების აღლუმზე სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 21

AFP via Getty Images

კანზას-სიტიში სუპერ ბოულში ადგილობრივი გუნდის, Kansas City Chiefs-ის გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე სროლა მოხდა

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი. საავადმყოფოში გადაყვანილია 11 არასრულწლოვანი, მათ შორის 9-ს იარაღის ტყვიის ჭრილობები აღენიშნებოდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 15-ს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

ღონისძიებაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდასხმის დაწყებისას მოთამაშეები ჯერ კიდევ სცენაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, პოლიციის ცნობით, ისინი არ დაშავებულან. 

აღლუმზე კანზას-სიტის მერიც, კვინტონ ლუკასიც, იმყოფებოდა, რომელსაც დაზიანებები არ მიუღია. მისი თქმით, ქალაქი "სრულ და ამომწურავ გამოძიებას" ჩაატარებს და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემს. 

"იქ ვიყავი ჩემს ცოლთან, იქ ვიყავი დედაჩემთან. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ჩვენ, Chiefs-ის მოთამაშეებთან და ფანებთან ერთად... იძულებულები ვიქნებოდით, დღეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის გვერბინა". - თქვა ლუკასმა. 

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა სროლა დაწყებიდან მალევე შეაჩერეს და თავდაპირველად 2 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ მესამე ბრალდებულიც დააკავა. 

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ქალაქის მერის თქმით, სიტუაცია ცვალებადია და დაზარალებულთა რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. ლუკასმა მოსახლეობას მოუწოდა, ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციისთვის მიემართათ. 

კანზას-სიტის პოლიციის უფროსის, სტეისი გრეივსის თქმით, დანაშაულის ადგილი გამოიკვლიეს და გამოძიება ახალ ეტაპზე გადაჰყავთ. 

"ბევრი სამუშაოა წინ. ვმოძრაობთ, რამდენად სწრაფადაც შეგვიძლია". - თქვა გრეივსმა. 

კომენტარები