საქართველო რუსეთი

გინტურის მკვლელების დასჯა, დაკავებულების გათავისუფლება – ქართული მხარის მოთხოვნები ერგნეთში

IPRM-ის 117-ე შეხვედრა ერგნეთში
სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 20 მარტს ჩაინიშნა.

კომენტარები