რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონელმა ფერმერებმა სატვირთოებიდან უკრაინული ხორბალი გადმოყარეს, დაიწყო გამოძიება

პოლონელი ფერმერების მიერ გადმოყრილი მარცვლეული
FACEBOOK RAFAL MEKLER

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინული სატვირთო მანქანებიდან, რომლებიც საზღვრის მახლობლად, დოროჰუსკის დასახლებაში მდებარეობდნენ, ხორბალი გადმოყარეს. გასულ კვირაში ფერმერებბმა განაახლეს პროტესტი და მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო გზები გადაკეტეს. ისინი კვლავ სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოლონეთში იმპორტს აპროტესტებენ.

შემთხვევა, როგორც მედიები წერენ, 11 თებერვალს მოხდა.

"უკრაინელები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლს ღვრიან ველებზე, სადაც ეს ხორბალი მოდის. ყანაში ხორბლის აღება, ომის დროს, ეს იგივეა, გამნაღმველად მუშაობდე. ასეთი ქმედებები არის სიმდაბლე და სამარცხვინოა". – თქვა ლვოვის მერმა, ანდრიი სადოვიიმ.

უკრაინის ელჩმა პოლონეთში, ვასილი ზვარიჩმა ვარშავას მოუწოდა, რომ შემთხვევაზე რეაგირება ჰქონოდათ, ეპოვათ დამნაშავეები და ისინი პასუხისგებისთვის მიეცათ. მან ფერმერების ნამოქმედარს "უკრაინელებისთვისა და პოლონელთა უმრავლესობისთვის სამარცხვინო და დამამცირებელი უწოდა". მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს მიმართეს, გაეხსნათ საქმე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ვარშავამ საქმის გამოძიება დაიწყო. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, სამი უკრაინული სატვირთო მანქანა პოლონელმა ფერმერებმა არ გაატარეს. შემდეგ მათ სატვირთოს ჩამკეტი მოწყობილობა გახსნეს, რის გამოც ხორბალი გადმოიყარა. თითო სატვირთოდან 3 ტონამდე მარცვლეული გადმოიყარა. სამართალდამცველების თქმით, ადგილი არ ჰქონია ჩხუბს, ან საშიში სიტუაციის შექმნას. მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ყველა დეტალს არკვევენ. 

ამჟამანდ პოლონელი ფერმერები, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე, სამ გამშვებ პუნქტს კეტავენ.

გასული წლის შემოდგომაზე საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყეს პოლონელმა ფერმერებმა და სატვრითო მანქანების მძღოლებმა. ისინი უკმაყოფილო იყვნენ გადასახადების გაზრდით, სუბსიდიების შემცირებითა და ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მოეხსნათ სავაჭრო შეზღუდვა უკრაინული მარცვლეულისთვის. პირველი აქციები გამართეს სატვირთო მანქანების მძღოლებმა, რომლებიც უკრაინელი მძროლების პრივილეგიებით უკმაყოფილოები იყვნენ.

 

კომენტარები